დღეს საქსტატმა 2020 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.6%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის
პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.
,,2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,”- წერია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 32.8%-ით შემცირდა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 39%-ით.
“განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და $223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც”- თქვა გოგიტა თოდრაძემ.