“არავინ არ აფრიალებს დაუბალანსებელ ოქმებს, სიუჟეტი, რომელიც მომიძღვენით არის ტყუილი “- ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს და TV პირველს მომზადებული სიუჟეტის გამო საყვედურობს და ტყუილში ადანაშაულებს. როგორც იოსელიანი აცხადებს, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ყველაზე გამართულად ჩატარდა რადგან დაუბალანსებელ ოქმებს არავინ “აფრიალებს”.
“ტვ პირველი სიუჟეტი, რომელიც მომიძღვენით არის ტყუილი და მცდელობა, რომ ერთეული შედეგები განაზოგადოთ მთელ არჩევნებზე. არავინ არ დაობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ამ ქვეყანაში უსამართლოა და ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ ფაქტია, რომ თავად არჩევნების დღე, ხმის დათვლის პროცედურა ჩატარდა ბევრად გამართულად, ვიდრე აქამდე ოდესმე. ფაქტები ადასტურებს ამას. უკვე გადათვლილია საქართველოს მასშტაბით უბნების თითქმის 10%, შეუსაბამობა და დარღვევა 0.1 %-ის შემთხვევაშიც კი არ არის აღმოჩენილი. არავინ არ აფრიალებს დაუბალანსებელ ოქმებს და არავინ არ დგას ცესკოსთან თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. არავინ არ საუბრობს ტოტალურ გაყალბებაზე. უფრო მეტიც ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. სიუჟეტების ვიღაცის ჯიბრზე გაკეთება, სირცხვილია.”- წერს ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, დღეს პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტინების 40%-ში არის დისბალანსი და 200-ზე მეტ უბანში გადათვლის მოთხოვნაა შეტანილი საოლქოებში.
”აი, ფაქტი” აცხადებს, რომ თბილისში, პროპორციულის შემაჯამებელი ოქმების 39% შეცდომითაა დაჯამებული. მათი თქმით. თბილისში სულ 769 უბანია სსაიდანაც 297 უბნის ოქმში დისბალანსია.
საარჩევნო ოქმებში დისბალანსია – ცესკო უარყოფს