არავინ ელოდა პუტინისგან ასეთ ძალადობას და სისასტიკეს – პენტაგონის წარმომადგენელი

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტი სისასტიკეში და ამორალურობაში დაადანაშაულა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.

პრესკონფერენციაზე კირბი ემოციებს ვერ მოერია, როცა მას კითხეს, იქცევა თუ არა პუტინი რაციონალურად:

“ძნელია უყურებდე , რას აკეთებს ის უკრაინაში, რას აკეთებენ მისი ძალები და იფიქრო, რომ ეთიკურ, მორალურ ადამიანს ამის გამართლება შეუძლია. ძნელია უყურებდე… მაპატიეთ. შეუძლებელია უყურებდე ზოგიერთ ფოტოს და ამასთან ფიქრობდე, რომ თქვენს წინაშეა საღ გონებაზე მყოფი, სერიოზული და ჩამოყალიბებული ხელმძღვანელის მოქმედებების შედეგი. არ შემიძლია ვილაპარაკო მის ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია მის ამორალობაზე ვილაპარაკოთ“– თქვა კირბიმ.

მისი განცხადებით, რუსული ჯარის ქმედებები უკრაინაში არანაირად არ შეესაბამება განცხადებებს ქვეყნის “დენაციფიკაციის“ შესახებ.

“ძნელია ამ რიტორიკას შეუსაბამო ის, რასაც ის უდანაშაულო ადამიანების მიმართ სჩადის, რომლებსაც კეფაში ესვრიან, ზურგსუკან ხელებშეკრულებს, როგორ ექცევა ის ფეხმძიმე ქალებს, რომლებსაც კლავს, იმას, რომ ის ბომბავს საავადმყოფოებს. უბრალოდ არ შემიძლია გავიგო, როგორ შეუძლია ეს ორი რამ ერთმანეთს დაუკავშიროს.“

კირბიმ ასევე აღიარა, რომ  შეუძლებელია დასავლეთს სრულად წარმოედგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ხარისხის ძალადობას და სისასტიკეს მიმართავდა.

კირბის ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე ტრადიციული კითხვაც დაუსვეს იმის შესახებ, რამდენად დიდია ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა რუსეთის მხრიდან, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აშშ თვალყურს ადევნებს იმას, რაც ხდება რუსეთში და მათ აქვთ ყველა საშუალება “სტრატეგიული ბირთვული შეკავებისთვის“, რაც აშშ–ს საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი მოკავშირეები.

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს რიტორიკის გამწვავება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და მოიქცეს სწორად, ანუ დღესვე დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.“