ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სასულიერო პირები ეკლესიაში მისვლისკენ მრევლს არ მოუწოდებენ, მაგრამ ისინი თავად მიდიან.
,,არავის არ ვეძახით მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ… თუ მოვიდა კაცი უნდა მიიღო, თუ არ მოვიდა, დღეს არავის არ ვეძახით… ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩავატაროთ ისე, როგორც ტარდება. უნდა დაგვაცადონ, რომ აქ იქნება თუ სხვა ტაძრებში, წესრიგზე ვიზრუნოთ”, – ამბობს მეუფე.
მისი თქმით, ,,აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როგორ ჩატარდება მაგას ვნახავთ”.
მეუფე იაკობისვე განცხადებით, კორონავირუსის პანდემია არასწორი ცხოვრებისთვის მოვლენილი რისხვა და განსაცდელია. ეკლესია კი ყველა რეკომენდაციას იცავს.
“ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს ან იმას? შეხედეთ რამდენი დროს გავიდა, 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან რომ უნდათ ხოლმე, რომ კლასტერი ეკლესიიდან იყოს, თუ ვინმეს გადადებია აქედან?!” – ამბობს მეუფე იაკობი.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.