არავის ვებრძვით, რატომ ცდილობთ თავიდან მოგვიშოროთ? – ჯაფარიძე მედგიდის დაბლოკვაზე

“მედგიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე ჯგუფის კიდევ ერთხელ დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ჯგუფი არავისთან ბრძოლისთვის არ შექმნილა, ამიტომ, გაუგებარია, მას რატომ ებრძვიან.

“მე არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არც ის ვიცი, ვის რა უშავდება იმით, რომ უმოქმედო და სრულიად უნიათო სისტემის გვერდით ვდგავართ და ვიბრძვით ადამიანების სიცოცხლის(!) გადასარჩენად!

ამ უმძიმეს ვითარებაში, მედგიდი ერთადერთი ნათელი წერტილია და რა სამარცხვინოა, რომ შეუჩერებლად ცდილობენ ეს ნათელი წერტილიც გაუქრონ გამწარებულ, დაღლილ, ზურგშექცეულ და უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს!

ჯგუფის დაარსების დღიდან ჩვენ არავის ვებრძვით, პირიქით, ჩვენი დიდი წვლილი შეგვაქვს პანდემიის წინააღმედეგ ბრძოლაში! ჩვენი მიზანი არ არის ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია ვიდრე სრულიად ჯანდაცვის სისტემას! არასოდეს ვყოფილვართ ჩასაფრებულის პოზიციიდან, ჩვენ ჩვენი პლატფორმა მხოლოდ იმ მიზნით დავაარსეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების საკეთილდღეოდ.

და თქვენ? თქვენ რატომ აღგვიქვამთ კონკურენტებად და რატომ ცდილობთ თავიდან მოგვიშოროთ?”,– წერს ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, მედგიდი კვლავ დაბრუნდება ძველი ან ახლადშექმნილი ჯგუფით!

“თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა! თუმცა, ქვეყანაში სადაც უამრავი პრობლემის წინააღმდეგ ერთად უნდა ვიბრძოდეთ, უსაშველოდ სამწუხაროა, რომ ვიბრძვით იმისათვის, რომ სახელმწიფოს გვერდით დავუდგეთ და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ჩვენი წვლილის შეტანის საშუალება მოგვეცეს! თუმცა, ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ფაქტი ერთია, რომ მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენ არაადეკვატურ ბრძოლაში ვართ! ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხალხისთვის, ვისაც დედა, მამა, შვილი, ბებია, ბაბუა ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი და ახლო პირი “უკვდება” და თქვენ ვერაფერს აკეთებთ ამის შესაჩერებლად!”,– აღნიშნავს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ფეისბუქჯგუფი მედგიდი დღეს კვლავ დაიბლოკა.