არაკაცის არაკაცო! მოდი, თქვენთვის ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
- ”კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ. კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს. ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას. დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ.” – აცხადებს მელია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ენმ-ს თავმჯდომარეს “კაცის კაცი” უწოდა და თქვა, რომ მას ყველა სიტყვა შეესაბამება, რომელიც ასო უ-ზე იწყება.
- “რაც შეეხება თვითონ ნაცმოძრაობას და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი მანაც ძალიან კარგად იცის, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და მის პოლიტიკურ პარტიას”.