არამარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ თვითონ ვაკეთებ ხაჭაპურს, ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები-ჯეიმს აპატურაი

ის რაც მე საქართველოდან სამუდამოდ გამყვება ეს არის ქართველების წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა, – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავისი საყვარელი ქართული კერძების შესახებაც ისაუბრა.

„ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასდროს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და განსაკუთრებით ჭაჭა დანაშაული იქნება. არამარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს მწარე. მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ. სახლში ქართულ კერძები გვაქვს, მივირთმევ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები“, – განაცხადა აპატურაიმ.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქვეყანაში თავისი პირველი ვიზიტიც გაიხსენა.

„არასდროს დამავიწყდება საქართველოში პირველად ჩასვლა. კონტრასტული ვიზიტი იყო. ჩემს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია, შედარებით სიმშვიდეა და ამ დროს ჩავდივარ უცხო ქალაქში გვიან ღამით, მხვდება ავტომობილი „ლადა-ნივა“, რომელშიც 4 უცნობი ადამიანია, მაგრამ პაუზის გარეშე ვსაუბრობთ. უეცრად აჩერებენ ბენზინგასამართ სადგურთან, ვყიდულობთ სახლში გაკეთებულ ალკოჰოლურ სასმელს, ვიწყებთ დალევას, ვაგრძელებთ გზას და მე ვამბობ, სასწაული ქვეყანა ყოფილა საქართველო. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ მომიწია თბილისში ყოფნა. მე ვიყავი ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაგრამ მე ასევე ვგრძნობდი, რომ ვიყავი საქართველოს სპეცწარმომადგენელი ნატოში და ეს 10 უბედნიერესი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა მან.