“არანაირი დანდობა უკრაინის მოსახლეობას!“–რუსი დიპლომატის სკანდალური ტვიტი

ვენაში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა ტვიტერზე სკანდალური პოსტი დაწერა მოწოდებით, რომ უკრაინის მოსახლეობის დანდობა არ შეიძლება.

“არანაირი დანდობა უკრაინის მოსახლეობას!“– ეს ტვიტი მან უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მადლიერების პოსტის პასუხად გამოაქვეყნა, რომელშიც ზელენსკი მადლობას იხდიდა აშშ–ს მიერ გამოყოფილი დახმარების ახალი პაკეტის გამო. მოგვიანებით ულიანოვმა პოსტი წაშალა, თუმცა ის სოციალური ქსელის არქივში შემორჩა, ასევე, მისი დასქრინშოთება ბევრმა მოასწრო.

მოგვიანებით ულიანოვმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა “მობოდიშებით“.

“ბოდიში უნდა მოვიხადო. დამავიწყდა, ვისთან მქონდა საქმე. რა თქმა უნდა, აშშ მქონდა მხედველობაში და მათი იარაღით მომარაგება, და უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებას უარყოფს. მართლაც, მათი მხრიდან უკრაინის მოსახლეობის არანაირი დანდობა არ არის. ამის თქმა მინდოდა“– დაწერა ულიანოვმა.