“არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა”- ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი გამორიცხავს ვერსიას, რომ დღეს მომხდარი ფაქტი შესაძლოა, ნემსიწვერიძის წარსულ ცხოვრებას ან კრიმინალს უკავშირდებოდეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” განმარტა, ვალერიან ნემსიწვერიძე ბიზნესში ჩართვას გეგმავდა.
„თავს უფლებას ვაძლევ ვისაუბრო ამ ადამიანზე, რადგან კარგად ვიცნობდი. გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან. ხვალ უკვე შემეძლება გავეცნო საქმის მასალებს და დეტალურად განვაცხადო აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე კრიმინალთან ძალიან შორს იყო. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებითაც ბრალი არ წაყენებია“, – განაცხადა მოკლულის ოჯახის ადვოკატმა.
„აბსოლუტურად აპოლიტიკური იყო. საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა, არც არჩევნები. აღნიშნულ საკითხში არც იხედებოდა და არც კი საუბრობდა, ესეც გამოვრიცხოთ. ყველაფერს შეგვიძლია დავუკავშიროთ, მაგრამ არა კრიმინალს და მის წარსულ ცხოვრებას. შესაძლებელია სპონტანურიც იყო. ზებრაზე იყო გაჩერებული, როგორც ვიცი და ვნახე, იქ გაჩერება აკრძალულია. რატომ გაჩერდა ესეც გამოსაკვლევია“,-განაცხადა წულეისკირმა.