არანაირი პოზიცია არ გვაქვს – ლილუაშვილის ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამჟამად დაცვის მხარეს გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, რადგან ბრალდებას დადგენილება მათთვის ჯერ არ ჩაუბარებია.

“ბატონი გრიგოლი იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თუმცა, ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილება ჯერ არ ჩაუბარებიათ. ამას აქვს პროცედურები, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ბრალდება წარუდგენს. პროცედურები დასჭირდა დაკავების ოქმის გაფორმებას, მის გადაყვანას, ეტაპირებას, შესაბამისად, არანაირი განმარტება ჯერ ჩვენების სახით არ მიგვიცია. ბრალსაც არ ვიცნობთ და ბუნებრივია ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით.

პროცედურა არის ასეთი, რომ მხოლოდ და მხოლოდ შედგა დაკავების ოქმი, უცნობია შინაარსიც, მხოლოდ ვიცით მუხლი. მუხლი არის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება. […] ამ ეტაპისთვის არანაირი პოზიცია არ გვაქვს. […] ის იქნა დაბარებული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად იყო მოსულიყო და თუკი რაიმე კითხვები იქნებოდა, ეპასუხა. დაკავების შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი. რომც ყოფილიყო ცნობილი, გრიგოლ ლილუაშვილი არ არპირებდა არსად წასვლას”. – თქვა უფლებადამცველმა.

სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.