ტელეკომპანია მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას “მთავარი არხის” მიერ არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.
„მთავარი არხის“ ეთერით არასდროს გამოგვიცხადებია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი მობილურის ნომერი. ხელისუფლების მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და ემსახურება თეა წულუკიანის მიერ გუშინ, 2 თებერვალს, კანონის დარღვევის გამართლებას და გადაფარვას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, რომ შეწყვიტონ თეა წულუკიანის დაცვის მიზნით “მთავარი არხის” შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება”,– წერია “მთავარის” განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა.
ამის პასუხად, მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: “როცა მისი პარტიის – „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი დებდა არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომერს, პრობლემას ვერ ხედავდა, დღეს სახალხო დამცველთან გარბის, როგორც კი მისი ტელეფონის ნომერი ვიღაცამ ახსენა”. მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ და როდის გამოაქვეყნა არჩილ თალაკვაძის ნომერი.