არასწორია ინფორმაცია, რომ კონცერტების გამართვაზე უარი ჩვენ ვთქვით – კულტურის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც სპორტის სასახლეში უკრაინის მხარდამჭერი რუსი არტისტების კონცერტების გაუქმებას ეხება. მათივე განცხადების მიხედვით, ძველი სპორტის სასახლე კერძო საკუთრებაა, და იქ “კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას”.
“რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.
აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.