არაფრის გვეშინია! – მოსამართლე მეთოფიშვილი დეკლარაციის ყოველწლიურ შემოწმებას დისკრიმინაციულს უწოდებს

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თბილისი საქალაქო სასამართლომ მეთოფიშვილისა და კიდევ სამი მოსამართლის, რომელთა შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.

მსურს, გამოვეხმაურო ქართული ე.წ. არასამთავრობო სექტორისა და ზოგიერთი ანგაჟირებული მედიის მიერ მორიგ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს, რომელიც, რატომღაც, ,,სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა. არადა, საკითხი, თავისი შინაარსით, უმარტივესია და წარმოადგენს ყოველი ადამიანისთვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების რეალიზაციას იმისთვის, რათა საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. მივყვები თანმიმდევრულად.

დღეს გავრცელდა ,,სკანდალური ინფორმაცია“, რომ ჩემი და კიდევ 3 კოლეგის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა ჩვენ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი (სარჩელები 2 კვირაზე მეტია, წარდგენილია სასამართლოში; ალბათ დამთხვევაა, რომ რატომღაც დღეს გაახსენდათ ამის შესახებ). მავანთა მტკიცებით, ეს თურმე იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების გვეშინია, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.

დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მით უმეტეს, ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურის. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?

ასევე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია მავანთა ხელში ხვდება. დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა, ამ საკითხზე სიღრმისეულად სწორედ სასამართლო განხილვისას ვისაუბრებთ.

ჩვენ ბრალი დაგვდეს, რომ მონიტორინგის პროცესს ვაფერხებთ. ეს მტკნარი სიცრუეა – როგორ უნდა შევაფერხო ჯერ კიდევ წარუდგენელი დეკლარაციის (ძირითადად, დეკლარაციების წარდგენა შემოდგომაზე გვიწევს) მონიტორინგი? ჩემ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მიზანი არის ერთადერთი: სხვაგვარად, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდით. სარჩელში კიდევ სხვა ნიუანსებიცაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში.

და ბოლოს, უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს, ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს გავურბივართ – თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება ,,ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში – ,ევროინტეგრაციის შეფერხებად და, ალბათ, რუსულ სტანდარტად?!

გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და მოსამართლეებისთვის ე.წ. ვეტინგის შემოღება აუცილებელია, მაშინ რაღატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ,,არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?”. – წერს მეთოფიშვილი.