“არა ოკუპანტის ამნისტიას” – პარლამენტთან 20 ივნისს დაშავებულების აქცია იმართება

“არა ოკუპანტის ამნისტიას” – გავრილოვის ღამიდან 2 წლის შემდეგ, პარლამენტის წინ აქცია იმართება. მისი ორგანიზატორები არიან 20 ივნისს დაზარალებულები.

ისინი პარლამენტში დაინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციას ესწრებიან ოპოზიციური პარტიის წევრები.

ცნობისთვის, დღეს გავრილოვის ღამიდან 2 წელი გავიდა. 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, რადგან მათ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის  პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა გააპროტესტეს.

ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. დაშავებულებს შორის იყვნენ 80-მდე სამართალდამცავი.