არიფულად ფიქრობენ, ამით თბილისს დააბოლებენ – გახარია “სისხლიან” ბანერებზე

თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, “სისხლიან” ბანერებზე იმიტომ მოხვდა, რომ მის პარტიას მზარდი რეიტინგი აქვს.

მისი თქმით, ქართული ოცნება “არიფულად” ფიქრობს, რომ ამით თბილისის მოსახლეობას “დააბოლებს”

“ისეთი რაღაცები რაც ახლა ჩვენს საწინააღმდეგოდაა: ჭორები, ცილისწამებლური კამპანია, ბანერები, ზიზღი, მხოლოდ გვაძლიერებს და მერწმუნეთ, ჩვენს მხარდამჭერებსაც აძლიერებს. მე ადრეც ვამბობდი, სანამ ჩემი ფოტო არ იყო, ყოველთვის, რომ ეს არ არის სწორი, ეს არის ამორალური და ეს არ მოიტანს შედეგს.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა გააკეთა ფორმალურად. ფორმალურად ეს არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს ბანერები ხომ არის კამპანიის ნაწილი? ვის წინააღმდეგაა მიმართული? როგორი არიფები არიან, რომ ერთი იფიქრეს, ნარკოტესტირების პროვოკაციით და ცილისწამებლური კამპანიით დამაზიანებდნენ და მეორე, ზუსტად ისევე არიფულად ფიქრობენ, ამით ესენი თბილისს დააბოლებენ. რაღაცა ობიექტურ რეალობას აცდენილია ეს ხალხი, შეფასებები ეშლებათ სადღაც“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, სისხლიანი ბანერების გაკვრაზე პასუხისმგებლობას არც ქართული ოცნება იღებს და არც სარეკლამო კომპანია “ალმა”.