შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობების ამოღებისა და დალუქვის მიზეზად პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს ასახელებენ.
„2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს.