დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ქობულეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აფასებს. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ქობულეთის ე.წ. ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.
„ქობულეთში არავითარი „წითელ ზონად“გამოცხადების საშიშროება არ არის. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იმყოფება. თავად გახლდით ქობულეთში და საკმაოდ სიმშვიდეა, არავითარი პანიკა არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აჭარის ეპიდემიოლოგიური სამსახური, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინტენსიურად მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ Ipn–თან.
ცნობისთვის, ქობულეთში, ბუნგალო “ჰავანას” 2 თანამშრომელს 15 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურა. დღეს ინფიცირება დაუფიქსირდა კიდევ 2 თანამშრომელს.
“ჰავანას” თანამშრომლებიდან 54 პირია კარანტინში გადაყვანილი და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ჯანდაცვის წარმომადგენლებს ბუნგალოს დახურვის განკარგულება არ გაუცია, ამიტომ ისინი მუშაობას ახალი თანამშრომლებით აგრძელებენ.