არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი და არსებობს „ენმ“, როგორც ვაქცინა – სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში შეკრებილ ამომრჩეველს ონლაინ ესაუბრა და თქვა, რომ ენმ ვაქცინაა, ხოლო ბიძინა ივანიშილის ქართული ოცნება – ვირუსი.

„ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავთ იმიტომ, რომ არცერთი ვირუსი და არცერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს და არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი როგოც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის ხალხის გაღატაკება და ახლა „გველეშაპის ტყუილის კოშკების დანგრევის“ დროა.

„მათ გმართეს ტყუილით, კორონა გაავრცელეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგი 30 წელიწადი. თქვენ ხომ რევოლუციონერების მხარეს ხართ, თქვენ ხომ დიდი ქართველი მოღვაწეების მხარეს ხართ, ბებიაჩემის მხარეს ხართ ბოლოს და ბოლოს, ასე რომ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.