არსებობს საფრთხე, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიცადია მოახდინოს – კვარაცხელიას ოჯახი

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს.

კვარაცხელიას ოჯახის ინფორმაციით, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს საკუთარ მანქანასთან ჩაცხრილის, რის შედეგადაც 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.

18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს – აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.