“გახარია თითქმის დაადგა იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა“–არქიმანდრიტი კირიონი რუკების საქმეზე

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი  კირიონ ონიანი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში მთავარი მოწმეა, აცხადებს რომ ყველაზე სწორად ამ საკითხებს ირაკლი ღარიბაშვილი და მამუკა ბახტაძე უდგებოდნენ, გიორგი გახარია კი “თითქმის, ლამის იმ გზას დაადგა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა”.

ალტ ინფოზე გადაცემაში სტუმრობისას კირიონმა  ილაპარაკა დავით გარეჯის საკითხზე, სადემარკაციო კომისიის მუშაობასა და პრემიერმინისტრების დამოკიდებულებებზე.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კონკრეტული შედეგები დადგა, თუმცა, შემდეგ ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა, რომლის დროსაც “სრული სტაგნაცია იყო”.

“ღარიბაშვილი მიდის ხელისუფლებიდან და მის მიერ მთელი ეს მომართული საქმე გაჩერდა. მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი – არც უარყოფითი, არც დადებითი, უძრაობაა.

ვხვდები მე კვირიკაშვილს ოთხჯერ თუ სამჯერ პრემიერის კაბინეტში, გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის ხვდება მერე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და არის უცნაური პასუხი.

იქ არის ნიუანსი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გამოძიებისთვის არ არის ალბათ გაშლილი ეს თემა და მეუბნება [კვირიკაშვილი], რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ ჯერა ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიციო. მე გაოგნება გამოვხატე, რადგან აქ საუბარია დოკუმენტურ ფაქტზე და არა შინაგან რწმენაზე”, – თქვა სასულიერო პირმა.

შემდგომ პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა, მას მადლობა განვუცხადო და ვეუბნები, სადაც ვახერხებ ამის თქმას. იმიტომ რომ მასთან შეხვედრა მქონდა ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი. ავუხსენი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე. მან მკითხა, მამა კირიონ, რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პრემიერმაო.

მე ვუთხარი, რომ აუცილებელია და სასწრაფოა კომისიის გაჯანსაღება. იმიტომ, რომ, ვერ მივდივართ აქტებამდე. იმ მოკლე დროში, რაც ის პრემიერი იყო, ეს იყო სრული პოზიტივი ამ საქმეში. იმასაც ვიტყვი, რომ არ აქვს მიწოლის ის ენერგია, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს, მაგრამ სრული პოზიტივი, კეთილშობილი კაცი, ნამდვილად სახელმწიფო მოღვაწე”. – თქვა არქიმანდრიტმა.

შემდეგ კი მოქმედი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გააკრიტიკა და ნაციონალურ მოძრაობას შეადარა.

“მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია – სტაგნაციაა. ანუ, თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა. აი, აქ უკვე ხდება მონასტრის დაძაბულობა და გემახსოვრებათ ჩემი კრიტიკა მისდამი, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო. მე არ მოვრიდებივარ არასდროს არც ერთი ხელისუფალის კრიტიკას.

ამ დაძაბულობის პიკზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ მე და გახარიასაც გვაქვს ერთმანეთში, გვაქვს დაძაბული საუბრები და მე არ ვთმობ მასთან პოზიციებს, ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ, დამეხმარე”. – თქვა სასულიერო პირმა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ “მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან”.

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

არქიმანდრიტმა კირიონმა რუკების მოძიება ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.