„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“,
ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.