არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურის დასახელება, ჩასავარდნად არის განწირული – ძაბირაძე

ადრეა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება. ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თაკო ჩარკვიანის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას.

 

„როდესაც არ ვიცით, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, შევა თუ არა შესწორებები კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება საერთოდ პოლიტიკური სპექტრი, ასეთი ინიციატივა ნააადრევია. მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ვინმეს კანდიდატურა დასახელდეს, მაგრამ მაშინ უნდა დასახელდეს, როცა ამას ფასი ექნება. დღეს, ქალბატონ ჩარკვიანს გიორგი ვაშაძე მოსწონს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას რატომღაც დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ვაშაძემ თქვა, რომ თურმე 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მას ასახელებდა პრემიერად. ამას იცით რატომ ვამბობ, ნებისმიერი ამგვარი გახმოვანება დროზე ადრე და მითუმეტეს, როდესაც შეთანხმებული არ არის და არ არის მოლაპარაკების თემა, ოპოზიციის სამომავლო ერთიანობისთვის არის ხელისშემშლელი. თუ ამას ვერ ხვდებიან, მაშინ არ ვიცი, გაცილებით სერიოზული პრობლემები ჰქონიათ, ვიდრე მე მგონია. ადრეა პრემიერის დასახელება, ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! აქ საუბარი არ არის იმ პარტიებზე, რომლებიც „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, არამედ საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ზოგადად, როდესაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურა სახელდება, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოში ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, როცა სპექტრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, ეს ფიგურა ჩასავარდნად განწირულია“, – განაცხადა ძაბირაძემ.