არჩევნების დღეს, მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები – ჯაფარიძე

ზუსტად ვიცით, არჩევნების დღეს, მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები –  განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ არჩევნების გაყალბების მეთოდოლოგიასა და მტკიცებულებების წარდგენის პრეზენტაციაზე.

“26 ოქტომბრის მდგომარეობით, ხმის მისაცემად დარეგისტრირდა 95,910 ქართველი ემიგრანტი. ცესკოს მონაცემები მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეების საერთო რაოდენობა შეადგენს 276,040-ს. თუმცა, ქართველი ემიგრანტების ფაქტობრივი რაოდენობა გაცილებით მეტია:

ცესკოს ამომრჩეველთა სია მოიცავს 3,495,789 პირს, მაშინ, როცა საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ირიცხებოდა ხმის მიცემის ასაკის 2,852 881 მოქალაქე . შესაბამისად, ხმის მიცემის უფლების მქონე ქართველი ემიგრანტების რეალური რაოდენობა შეადგენს 642,908-ს.

ეს ნიშნავს, რომ 546,998 ქართველი ემიგრანტი ხმის მისაცემად არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ამ პირების პირადი ნომრები გაყალბების ზემოთ აღწერილი მეთოდებით გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იყო არჩევნების დღეს.

ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები, აძლიერებს ზემოთ აღწერილ ეჭვებს.”- აცხადებს ჯაფარიძე.