არჩევნები გაუქმებულია, ხვალიდან უკომპრომისო ბრძოლა იქნება – მელია

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაუქმებულია, ამიტომ ხვალიდან უკომპრომისო ბრძოლა დაიწყება.

“ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილის პირობები არჩევნები ჩატარდება, მე მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვებები ბევრ მუნიციპალიტეტში ივანიშვილმა წაიღო საკუთარ რეზიდენციებში – მოიპარა. როგორ მოიპარა, რა გზით, რა მეთოდები, ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახეთ”,– თქვა ბრიფინგზე მელიამ.

მისივე განცხადებით, ივანიშვილს დაპირდა, რომ ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა, შესაბამისად, პასუხიც იქნება ადეკვატური.

“ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით და ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ვიწრო პარტიული ინტერესები, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, არამარტო პოლიტიკოსების”,– თქვა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამავე თემაზე ესაუბრა საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომლებმაც გაიზიარეს მისი მოსაზრება, რომ არჩევნები გაუქმებულია.

მელიამ მოუწოდა საზოგადოებას, მოემზადონ საინტერესო და მძიმე თავგადასავლისთვის.