არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკოს უარს “რესპუბლიკური პარტია” სასამართლოში ასაჩივრებს

რესპუბლიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ცესკოში რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია, თუმცა პარტიამ მიმართვა 14 ივლისს ფოსტით გაგზავნა.

“საარჩევნო რეგისტრაციისთვის პატიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს 15 ივლისამდე. შესაბამისად, მიმართვის ფორმა, არ წერია როგორ უნდა მივმარეთოთ, ჩვენ გავუგზავნეთ ფოსტით. 14-ში ჩაბარებული გვაქვს ფოსტა, ანუ 15 ივლისამდე ჩვენ შევასრულეთ საკუთარი ვადლებულება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ფოსტაში ჩაბარების თარიღი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მას როდის ჩაბარდა” – თქვა თამარ კორძაიამ.

კორძაია აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს და შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განმარტავს სასამართლო კანონის ამ ნორმას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.

რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით  საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.

აქედან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას  რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.