არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებს 25 000-ის ნაცვლად 5 000 ხელმოწერა დასჭირდებათ – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, არაკვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არა 25 000, არამედ 5 000 ხელმოწერის შეგროვება დასჭირდებათ.

ცვლილებები პარლამენტმა 29 ივნისს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად მიიღო.

ცვლილებების მიხედვით, მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან:

  • ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;
  • ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკვა ერთერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო;
  • აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

ცესკო პარტიებს მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პარტიების ხელმძღვანელებმა ცესკოს 15 ივლისამდე უნდა მიმართონ.

ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება აგროვებს. ცესკომ ექვსივე პარტიას აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.