“არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ არის. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და სრულად დაფარულია ეს ხარჯები პრემიერის მიერ, ეს ერთი და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა აღქმა, რომ თითქოს ბიუჯეტის ხარჯით იყო, ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ არცერთი თეთრი არაა ბიუჯეტიდან დახარჯული და მეორეს მხრივ, გაკეთდა განცხადება, რომ მოხდება ყველა ხარჯის დეკლარირება.

საქართველოს პარლამენტის სახელით, საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს ხოლმე მონაცემებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გაკეთდა განმარტება, ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ, რომ არცერთი თეთრი საჯარო საბიუჯეტო თანხებიდან არ დახარჯულა და რა თქმა უნდა, ამ განმარტებას ჩვენ ვენდობით. საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, ენდობა. […] ბორტთან დაკავშირებით განმარტებები იყო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება ამ ბორტის გამოყენება კომერციული მიზნით, ამიტომ არაფერი სიახლე ამაში არ არის”,

აცხადებს ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.