გორში 17 წლის გოგო “ოჯახის შექმნის მიზნით” გაიტაცეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დაწერა, რომელიც გატაცებული გოგოს უფლებებს იცავს.
“გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: “რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო.” სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას.
ჰოდა, ჟურნალისტებო, აგერ
Tamuna Lukava
იცავს მათ ინტერესებს და მიმართეთ მას და დაგაკავშირებთ ოჯახთანაც.
ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!
არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“– დაწერა ბაია პატარაიამ.
მოგვიანებით გოგოს გატაცება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ გოგომ ოჯახს დღეს დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ სახლში დააბრუნებენ.
ადვოკატი შსს-სგან ითხოვს, სატელეფონო ზარის მიხედვით დაადგინონ ანძა და შესაბამისად, გატაცებული გოგოს ადგილმდებარეობა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.