არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული თემურ აბაზოვის საკითხი – ვოლსკი

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, თემურ აბაზოვისთვის საარჩევნო სიაში ჩასმასთან დაკავშირებით შეთავაზება არ ყოფილა და ეს საკითხი არც მომავალში განიხილება.

“არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული ბატონი აბაზოვის საკითხი საპარლამენტო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ პოლიტსაბჭო იღებს.

“არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ბიძინა ივანიშვილზე იკითხეთ – არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის,”- თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველი პარტია უარყოფს მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ ის ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება.

“არ განიხილებოდა და არც განიხილება”,- აცხადებენ “ოცნებაში” აბაზოვზე.

იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა გუშინ.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.