არ არსებობს იმის წინაპირობები, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს – დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არ არსებობს ბაზარზე პურის ფასის გაზრდის წინაპირობები.

მინისტრი ამბობს, რომ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია პურის მრეწველთა კავშირთან და ინდივიდუალურ საწარმოებთან, ვისაც ქმედითი მექანიზმი შესთავაზეს.

დავითაშვილის განმარტებით, მექანიზმი გულისხმობდა, ერთი მხრივ, კომპანიების წახალისებას მეტი მარაგის შესაქმნელად და მეორე მხრივ, იმას, რომ ფქვილის ფასი, რომელიც პურის წარმოების ძირითადი ინგრედიენტია, “ფიქსირებული იყოს”.

,,აქ ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, არის ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან ჩვენს კომპანიებს, მიიღეს გადაწყვეტილება და მათ 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის”, – ამბობს ლევან დავითაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახლა, “როცა ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და მძიმეა”.