არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ – თურნავა ევროპულ საქართველოს

“დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

თურნავას თქმით, „ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ”, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. ის პარლამენტში ევროპულმა საქართველომ დაიბარა.