გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმისახალ მასალებში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაცაა, რომელიც მისი წინა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება.
„საქმის ახალ მასალებში ამირხანაშვილი არის გამოკითხული დამატებით, ეს მისი მეხუთე ჩვენებაა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება და არ შეესაბამება მის წინა ჩვენებებს. ლოგიკურია, რომ მას სხვაგვარად არ გამოკითხვადნენ. ამირხანაშვილი უარყოფს იმ ფაქტებს რომლის ირგვლივაც ის გამოიკითხა. ეს არათუ დეტალების დაზუსტება, არამედ ჩვენების შეცვლაა,” – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა.
„პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაცვის მხარემ არ ითანამშრომლოს მედიასთან, საზოგადოებასთან და არ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაამძიმეს ბრალდება. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა შაქარაშვილთან მიმართებით. პროკურატურამ ზუსტად ამიტომ მიმართა ამ ხრიკს, რომ ვერ გაიგოთ ინფორმაცია, რის საფუძელზეც მოახდინეს ბრალის დამძიმება“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.