არ არსებობს სცენარი, რომლითაც უკრაინა არ იმარჯვებს – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კითხვას, შეუძლია თუ არა უკრაინას ომში გამარჯვება, დადებითად უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს.

“საბოლოოდ, კი, რადგან რა არის წარმატება, რა არის გამარჯვება? ეს არის საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. არ არსებობს სცენარი, რომლითაც, დროთა განმავლობაში ეს არ მოხდება. პრობლემა ისაა, რომ ამას [გამარჯვებას] შეიძლება დრო დასჭირდეს, ამ დროში კი ვიხილოთ სიკვდილი და ნგრევა. თუმცა უკრაინელებმა ნათლად თქვეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ვლადიმერ პუტინის ნებას”, – განცხადა ბლინკენმა NBC-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აშშ ყოველდღიურად საუბრობს უკრაინელ პარტნიორებთან, მათ შორის იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ და სხვებს წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, რათა უკრაინა მომავალშიც დაიცვან.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, სხვებიც გააკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა შეძლებს დაიცვას თავი და შეაჩეროს რუსეთის მიერ განმეორებადი აგრესია”,– აღნიშნა ბლინკენმა.