“არ გაგვიცია მშენებლობის ნებართვა”- ამის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ და აღნიშნავენ რომ ადმინისტრაციული წარმოება, მიმდინარე განაცხადზე, წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.
”2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.
განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა”- აცხადებენ საჯარო რეესტრში.
13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია.
სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.
შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.