„არ გაიტეხოთ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესის დროს შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% მაინც იქნება აცრილი და სწორედ ამ დროს დაიძლევა პანდემია ქვეყანაში.

“ პანდემიის დასრულებისთვის მარტო ვაქცინაცია არ იქნება საკმარისი, ვაქცინაცია, პლუს ეფექტიური ანტივირუსული მედიკამენტი უნდა შეიქმნას. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც უფრო ფართომასშტაბის იქნება, მით უფრო ჩქარა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე, დღეში 5-6 ათასი კაცი იცრება, როდესაც 14-15 ათასი უნდა იცრებოდეს. ეს შეფერხება და დაგვიანება უახლოვდება ფინიშს. ივლისის პირველივე კვირიდან საქართველოში უწყვეტი ნაკადების სახით დაიწყებს შემოდინებას ვაქცინების დიდი რაოდენობა. არათუ ასეთი შეფერხება არ იქნება, არამედ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისთვის ქვეყანა კარგად ემზადება, ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება.

ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, – ამბობს ცერცვაძე.