რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ გახარია ოპოზიციისთვის და ოპოზიციური ამომრჩევლისთვის “თვალთხარიად” აღიქმება.
„დღეს გვტენიან და გვტენიან ოპოზიციაში ამ გახარიას. გახარია – „თვალთხარია“, ასე აღიქმება. იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ფრაქცია დააფუძნა, სამოქალაქო აქტივისტებისთვის. გახარიას მიმართ ქართული საზოგადოება დგას ზურგით და ვერ შემოგვტენიან ოპოზიციაში”,– აცხადებს ბერძენიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში კოალიციით მოვიდა, შემდეგ პოლიტიკასთან შემხებლობაში არმყოფი გუნდით დარჩა, ახლა კი მას ხელისუფლების შესაქმენლად შეიძლება დასჭირდეს “ოცნება პლუს გახარია”.
მანვე აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, ყოფილმა პრემიერმა ენმ-ს ზვიადისტურ ფლანგზე შეაღწიოს.
“ბიძინა ივანიშვილს ვითარება შეექმნა ისეთი, რომ შესაძლოა, მას დასჭირდეს „ქართული ოცნება“ პლუს გახარია და ეს იყოს მისი ხელისუფლება. ეს პრობლემაა კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, თორემ ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ არის. არც ჩვენთვის არ არის პრობლემა, გახარია არ გადმოდის ჩვენს მინდორზე. არის რაღაც სპეციფიკური ადგილები და მე არ გამოვრიცხავ მაგალითად, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მას ჰქონდეს შეღწევა „ნაცმოძრაობის“ ზვიადისტურ ფლანგზეც. გახარია შემთხვევით არ მისულა 31 მარტს ზვიად გამსახურდიას საფლავზე, ის ასე თვლის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.