“არ გვაქვს დრო, ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით სააკაშვილი”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გაკეთებულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
“მივმართავ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ გადაიდგას მათი მხრიდან ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის მისწრაფება ევროპული არ დარჩეს მისწრაფებად და იქცეს რეალობად. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარ განზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს ნაბიჯები არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ანადგურებს ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მოვისმინეთ არერთი განცხადება ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების, მეუფე ნიკოლოზის განცხადება, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, ამიტომ ჩვენ დრო, იმისათვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი არ გვაქვს და ვერ გვექნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების განმავლობაში, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის დიახაც, ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს და ეს მინდა იცოდეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა“, – განაცხადა მელიამ.