”არ გვაქვს ვინმეს დაჯარიმების სურვილი” – თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს, კანონით დადგენილ ვადაში, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდა. კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიქტები 1 000 ლარით დაჯარიმდებიან.
“მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები კედლებზე, ღობეებზე, რადგან ვიზუალურად პრობლემას ქმნის ქალაქისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარის ოდენობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არავის არ აქვს სურვილი ვინმეს დაჯარიმების”, — განაცხადა კახა კალაძემ.