გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციას გაცნობიერებული აქვს, რომ კომპრომისები მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან.
მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი შეთანხმებით დასრულდება.
“ასევე, ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ სანამ ეს ადამიანია ჩამოსული, შევძლოთ და მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ღრმა კრიზისს, რაც ქვეყანაშია. სხვა დეტალებს ვერ მოგიყვებით. შეხვედრები გაგრძელდება დღეს და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე – ქართული ოცნება მიდის თუ არა რაიმე კომპრომისზე, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ამ დროისთვის ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
“მე ვერ გეტყვით, ამ წუთში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება რაზეა თანახმა და რაზე არა. ჩვენ ამ წუთში განვიხილავთ წინადადებებს, რომლებიც ცხადია, ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ცხადია, მოდის თვითონ მედიატორისგან და განხილვაც არის ამ კუთხით”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.