“ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი – დავიცვათ წესები, მეორე -ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ აუცილებელია დავიცვათ წესები.
„ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი განიხილა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. მუშაობა განაახლა ყველა სახის ღია მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა. ამასთანავე, 29 მაისიდან მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია შესაბამისი წესების და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები პერიოდულად გააკონტროლებენ.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 8 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს ყველა სახის რესტორნის გახსნას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებას და იმ სასტუმროების ამოქმედებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმებას გაივლის და შესაბამის ნებართვას მიიღებს. სასტუმროებში ინსპექტირება უკვე დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება.
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. აქტიური პრევენციული მოქმედებები და შესაბამისი კვლევები ტარდება თბილისში, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული პირების მიმართულებით.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 794 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 624 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.