საბერძნეთის ელჩს საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისს არ ესმის, რატომ არ უხსნის საქართველო საბერძნეთს საზღვრებს. ის კურიერთან ამბობს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები, რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა, თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა დარჩნენ.
ელჩის თქმით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა.
”ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაგვაჩნია, გეტყვით რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის,რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა, თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა.
იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ”,– ამბობს ელჩი.
მისივე განცხადებით, საბერძნეთში კორონავირუსის კუთხით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.
“საბერძნეთი არა მხოლოდ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5 ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოებში, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ”,– აცხადებს კარაბალისი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რეგულარული ფრენები 1 სექტემბრამდე აკრძალა. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებასა და ავიაკომპანიაზე. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში – Air France – ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ შესაძლოა მანაც კვირაში ორჯერ იფრინოს.
დაბალბიუჯეტიან კომპანიებს Wizzair-სა და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის საშუალებას არ აძლევს, რადგან, როგორც ნათია თურნავა განმარტავს, მათ კვირაში 1–2 ფრენა არ აწყობთ და 10–ზე მეტ მიმართულებაზე ფრენის სურვილს გამოთქვამენ. ამისთვის, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო მზად არ არის.