„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, თუ ისინი პოზიციას შეიცვლიან, რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებზე შეჯერდნენ.
„არსებობს ასეთი ფორმულა, “თბილისში თანხმობა და რეგიონებში კონკურენცია”. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს გადაწყვეტილება მიიღო და რეგიონებში კონკურენცია იქნება, სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაცია და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი, მთავარი მაჟორიტარი, რომელიც ბუნებრივია, კონკურენციაში იქნება მათ შორის ჩვენს კოლეგებთან. ხაზს ვუსვამ, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც მოცემულობას, ეს მათი უფლებაა. ამასთანავე, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ თბილისის შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ასეთ პირობებში,ჩვენ ეს ვნახეთ კვლევებიდანაც და ამას ვხედავთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს უნდა დარჩეს საფუძველი საერთო ოპოზიციური თანხმობისა და კოორდინაციის
ამავდროულად, ჩვენ არ გვინდა კარი დავუხუროთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, ყველას გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა, ყველანი ვალდებული ვართ, შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნა, რომ შეჯერდეს მაქსიმალურად ყველგან ოპოზიცია. ამიტომ, მივმართავ ჩვენს კოლეგებსაც, თუ ისინი პოზიციას შეცვლიან, უახლოესი პერიოდის განმავლობაში შემოგვიერთდნენ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუ ეს მათი სურვილი არ იქნება, ყველა სხვა პარტიები, რომლებიც ერთიან ფორმატში ვთანამშრომლობთ, შევჯერდეთ და ასევე, უახლოეს დღეებში წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები იმისთვის, რომ იყოს კონკურენცია. იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის მრავალფეროვნება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უგულავამ.