36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც მარიუპოლს რუსებისგან იცავენ, ჟურნალისტ ნატალია ნაგორნაიას ვიდეო გაუგზავნეს, რომელშიც აცხადებენ, რომ არ დათმობენ პოზიციებს. ინფორმაციას Українська правда ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით, ვიდეო ჩაწერილია დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე მარიუპოლში.
საზღვაო ქვეითების თქმით, ისინი ბლოკადაში არიან, თუმცა ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
“დიდება უკრაინას! ჩვენ ვართ მარიუპოლის დამცველები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, რომელიც ბოლო დრომდე იკავებს და ინარჩუნებს ამ ქალაქის დაცვას. ჩვენ არ დავთმობთ პოზიციებს. ამ ქალაქის ყველა ნაწილს მაქსიმალურად შევინარჩუნებთ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ბლოკადაში, რინგზე – საბრძოლო მასალისა და საკვების მოწოდების გარეშე.
ჩვენ მადლობელი ვართ ყველა უკრაინელის, ვისაც სჯეროდა და სჯერა საზღვაო ქვეითების. იმ რწმენის, რომელსაც ამდენ ხანს ვინარჩუნებდით. ჩვენ არ დავტოვებთ პოზიციებს. ჩვენ ერთგულები ვართ და დავრჩებით ერთგულებად ყოველთვის.
ყველა უკრაინელს უნდა ახსოვდეს ამ წინააღმდეგობის ფასი და დაასრულოს საქმე – დაიცვას გამარჯვება ბოლომდე. უკრაინა, ევროპა, მსოფლიო… გამარჯვების რწმენით ყოველთვის ერთგული ვართ, ბოლომდე ერთგულები“,– აცხადებენ საზღვაო ქვეითები.
ცნობისთვის, ალყაშემორტყმულ მარიუპოლში საზღვაო ქვეითებმა გუშინ წინ განაცხადეს, რომ “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადებიან. ისინი ქალაქს 47 დღეა იცავენ.
გუშინ აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა მომწამვლელი უცნობი ნივთიერება გამოიყენეს.