“არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
“ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.
მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი – ჩვენი ძმები და დები არიან ” – განაცხადა ივანიშვილმა.