”არ დაუშვათ 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება ”- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საის) პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია. საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს, იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
“ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას.
ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით” – წერია მათ განცხადებაში.