არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს! – ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 60-ზე მეტი ორგანიზაცია დეპუტატ ნინო წილოსანს მიმართავს.
“ქალბატონო ნინო, ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.
ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნაც. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებდით საბჭოსთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩო და მრავალი მიმართულებით დაიხვეწა პოლიტიკა.
გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისაკენ.
ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვეაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.
შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები.
ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა არ გვესახება რეალურ გამოსავლად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ.
კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს და რომელიც რუსული კანონის ანალოგია.