არ ვაპირებთ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას – 4 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ოთხი ოპოზიციური პარტია: გირჩი, ევროპული საქართველო, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ “გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას”.

მათი განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

“ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი”. – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს  გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.

ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.