დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ახლო მომავალში არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს. მისი თქმით, პარტიებთან ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა პარტიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„მე რამდენიმე შეხვედრა და განხილვა მქონდა სხვადასხვა პირებთან, ვინც არჩევნებში აპირებენ პარტიის ფორმით მონაწილეობის მიღებას, მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში. ჩემთვის პოლიტიკურ პარტიაში შესვლა სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატი კითხვაზე, აპირებს თუ არა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ არ იცის, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით. შემიძლია გითრათ ის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას ვაპირებ. ჩემთვის პოლიტიკური სივრცე და ამ ქვეყნის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრება ამ თემებზე ვმუშაობდი. შესაბამისად, მომავალშიც ვაპირებ, რომ ეს იყოს ის სივრცე, სადაც ვაპირებ ჩემი ენერგიის ჩადებას, თუმცა პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში ყოფნა არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც პარლამენტის წევრი უნდა იყო ადამიანი, პირიქით, ზოგჯერ სხვა ადგილიდან უფრო კარგად შეიძლება საქმის გაკეთება და უფრო სასარგებლო შეიძლება იყო, ვიდრე მაინცდამაინც სადეპუტატო მანდატის ხელში ჭერა. ჩემი იდეაფიქსი არ არის პარლამენტში ყოფნა და რაც შეეხება საქმეს, საქმეს ყველგან გავაკეთებ“, – თქვა ჩუგოშვილმა.