არ ვართ ვალდებულები, რომ დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ – მდინარაძე

ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ  –  ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. ამის შესახებ მდინარაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

„მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ.

უნდა შევთანხმდეთ, რაშიც ობიექტურად დავეთანხმებით, იმაზე ობიექტურადვე ვიტყვით, რომ ამაში ვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც რაშიც არ ვეთანხმებით ისიც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამასაც კი რაღაც საფუძველი აქვს. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არგუმენტების მიხედვით, რა ხდება ევროპაში, რატომ არის საქართველოში ცუდი ის, რაც ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყნებში არის კარგი?!”, – განაცხადა მდინარაძემ.