არ ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რადგან შემოდგომაზე სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე შემოტევა იქნება და მთავრობა ამას გამოიყენებს.

,,არ ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება. იმიტომ რომ შემოდგომაზე , პრაქტიკულად, გარანტირებულად იქნება კორონას მეორე შემოტევა და ვერ ვხვდები, რა დაუშლის ხელისუფლებას, რომ თქვას, რაღაცა კატასტროფის წინაშე ვდგავართ, აბა ახლა შევიკეტეთ სახლში და საარჩევნო უბნებზე ბევრი ხალხის შეკრება შეუძლებელიაო და ა.შ. , შესაბამისად, არჩევნები აღარ ჩატარდება”,- ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, არჩევნების არჩატარებით ქართული ოცნების მთავრობა ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგრძლივებს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგ არჩევნებს მაინც მოიგებენ.

,,მე მგონია რომ მათ აქვთ სრული განცდა, რომ თეთრ ცხენზე სხედან და მიაჭენებენ, მათ შეძლეს და სრულიად განადგურებული რეიტინგი წამოწიეს ზემოთ. პრაქტიკულად, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხალხმა დაარქვა კიდეც უუნაროები, აი ამ უუნარობიდან უცებ ახლა შეიქმნეს იმიჯი, რომ ვითომ არიან ყველაზე ეფექტური მებრძოლები ვირუსთან, ვითომ უკეთესად ებრძვიან ვირუსს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

კონკრეტულმა პოლიტიკურმა ფიგურებმაც კი, რომელსაც გარეთ არ გამოეყოფოდათ თავი, შეძლეს რეაბილიტაცია. ამიტომ მგონია, რომ მათ წარმოდგენაში ეს რეალობა არის ისეთი, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიგებთ არჩევნებს და ბარემ ,მოდი, გავახანგრძლივოთ ნახევარი წლით და 1 წლით და შემდეგ მოვიგოთ”,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.